არასრულწლოვნის ცალკეული უფლებები სისხლის სამართლის პროცესში
2018-02-06
არასრულწლოვანია პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. მაშასადამე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (შემდგომში - ამკ) მე-3 (1), (3) მუხლი). რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაისჯება პირი (არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა), რომელსაც დანაშაულის ჩადენის დროს ჯერ არ შესრულებია 14 წელი.1 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება არასრულწლოვანს, რომელსაც შეუსრულდა 14 წელი.
არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, არასრულწლოვნის საქმის წარმოება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. მაგალითად:
- არასრულწლოვანთა საქმის წარმოებას ახორციელებენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები (სპეციალიზებული მოსამართლე, სპეციალიზებული პოლიციელი, სპეციალიზებული გამომძიებელი, სპეციალიზებული პროკურორი და სხვა);
- არასრულწლოვნის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე (გარეშე პირებს არ აქვთ სხდომაზე დასწრების უფლება);
- სავალდებულოა არასრულწლოვან ბრალდებულს ჰყავდეს/დაენიშნოს ადვოკატი;
- არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც;
- 14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით;
- არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.
(ამკ-ის 16-21-ე; 29-ე; 28 (2)-ე ; 52ე მუხლები)
არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენება დასაშვებია, მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, ისიც დროის რაც შეიძლება მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.2
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:
ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით; ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში; გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით; დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით (ესე იგი უფლებით ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით); ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. (ამკ-ს მე-15 მუხლი).
განსხვავებულადაა მოწესრიგებული ასევე არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის საკითხი.
არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელის შემდეგი სახეები: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.3
მაშასადამე, არასრულწლოვანს, სრულწლოვნისაგან განსხვავებით, არ შეიძლება სასჯელის სახით დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელს იხდის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად (ამკ-ს 90-ე (1) მუხლი).
არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება (ამკ-ის 65-ე მუხლი). რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არის არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად (ამკ-ს მე-3 (18) მუხლი).
არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს: რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობით; ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებით და სეირნობის უფლებით; გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობებით (ამკ-ს 82-ე, 83-ე, 86-ე მუხლები).
არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ასევე შემდეგი უფლებებით:
• არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საამისოდ დადგენილი წესის შესაბამისად.
• არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.
• არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით, პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით.
(ამკ-ს 84-ე (1), (2), (41) მუხლი).
• არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება.
• არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს. ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.
• არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ასრულებდეს მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლების შემდეგ მის პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას, აგრეთვე ხელს არ შეუშლის მის მიერ განათლების მიღებას. (ამკ-ს 85-ე (1), (2), (4) მუხლი).
• არასრულწლოვან მსჯავრდებულს აქვს ოჯახთან და გარე სამყაროსთან ხშირი და რეგულარული კონტაქტის უფლება. კერძოდ, მას უფლება აქვს:
- ჰქონდეს თვეში 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
- ჰქონდეს წელიწადში 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 6 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
- თვეში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;
- ჰქონდეს თვეში 4 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 2 დამატებითი ვიდეოპაემანი;
- შეუზღუდავად მიიღოს წერილები, ამანათები და გზავნილები. ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს 1თვემდე ვადით თუ არასრულწლოვანი დაარღვევს დისციპლინას.
- ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით;
- არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს საამისოდ გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.
(ამკ-ს 87-ე (1) მუხლი)
არასრულწლოვნის მიმართ სათანადო წინაპირობების არსებობისას შეიძლება გამოყენებული იქნეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომლის მიზანიცაა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდება და მისთვის სასჯელის ნაცვლად სხვა სახის ღონისძიებების დაკისრება.
______________________
1 შალიკაშვილი/მიქანაძე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სახელმძღვანელო), თბილისი, ფრაიბურგი, სტრასბურგი, 2016, 119.
2 იქვე, 83.
3 იქვე, 125.