ბავშვთა საერთაშორისო გატაცება
ბავშვთა საერთაშორისო გატაცების ფაქტები საკმაოდ ხშირია. ბავშვების გატაცების გახშირების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით და ბავშვების საერთაშორისო დაცვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციაზე 1980 წლის 25 ოქტომბერს, დამსწრე სახელმწიფოების მიერ მიღებული იქნა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენცია,
1 რომელსაც საქართველო 1995 წლის 14 თებერვალს შეუერთდა, ხოლო ძალაში შევიდა 1997 წლის პირველ ოქტომბერს.
2
ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების შემთხვევაში მისი დაბრუნების საკითხი და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციასთან ერთად, (შემდგომში - ჰააგის კონვენცია) მოწესრიგებულია ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII
2 თავით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით (1305
7-1305
9).
იმისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ჰააგის კონვენციის მოქმედება გავრცელდეს:
-
ორივე სახელმწიფო (საიდანაც ბავშვის გადაადგილება მოხდა და სადაც ბავშვის გადაყვანა მოხდა) უნდა იყოს
კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო;
3
-
ბავშვს შესრულებული არ უნდა ჰქონდეს 16 წელი ვინაიდან კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიაღწევს (ჰააგის კონვენციის მე-4 მუხლი);
- არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე
ბავშვი ჩვეულებრივ, უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4
,,უმრავლეს შემთხვევაში, პირი, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა/დააკავა ბავშვი, მის ოჯახურ წრეს განეკუთვნება, ძირითადად, ეს არის მისი მშობელი."
5
მაგალითად, ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება ან დაკავება სახეზეა, როდესაც ბავშვი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაში, შემდგომ კი ერთ-ერთი მშობელი (დედა) ბავშვს წამოიყვანს საქართველოში და აღარ არის თანახმა ბავშვი დააბრუნოს გერმანიაში მამასთან.
მაშასადამე, ,,
ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება და დაკავება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არასრულწლოვანი მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოდან გაჰყავთ სხვა ქვეყანაში ერთი ან ორივე მშობლის ან მეურვეობის უფლების მქონე სხვა პირის თანხმობის გარეშე; ან გარკვეული დროით თანხმობით და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბავშვს არ აბრუნებენ უკან .“
6
უფრო კონკრეტულად:
ბავშვის
არამართლზომიერი გადაადგილება ნიშნავს :
- პირისათვის (ან ორგანოსათვის)
მეურვეობის უფლების დარღვევას, რაც უზრუნველყოფილი იყო იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა არამართლზომიერად გადაადგილებამდე და
- ბავშვზე მეურვეობის უფლება გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ან/და გამოყენებული იქნებოდა რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება,
- ხოლო ბავშვი გადაადგილდა ამ სახელმწიფოდან სხვა სახელმწიფოში (კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში) მეურვეობის უფლების მქონე პირის
ნებართვის გარეშე და მისი მოთხოვნის შემდეგ არ ხდება ბავშვის დაბრუნება.
7
ბავშვის
არამართლზომიერი დაკავება ნიშნავს:
- პირისათვის (ან ორგანოსათვის)
მეურვეობის უფლების დარღვევას, რაც უზრუნველყოფილი იყო იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა არამართლზომიერად დაკავებამდე და
- ბავშვზე მეურვეობის უფლება დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ან/და გამოყენებული იქნებოდა რომ არა არამართლზომიერი დაკავება,
- ხოლო ბავშვი ამ სახელმწიფოდან მეურვეობის უფლების მქონე პირის
ნებართვის შედეგად გადაადგილდა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით , თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხორციელდება, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა.
8
მაშასადამე,
არამართლზომიერი გადაადგილების შემთხვევაში, ბავშვის გადაადგილება ხდება ბავშვზე მეურვეობის უფლების მქონე პირის
ნებართვის გარეშე, ხოლო
არამართლზომიერი დაკავებისას - ბავშვზე მეურვეობის უფლების მქონე პირის
ნებართვის შედეგად, ორივე მათგანის შედეგი კი ისაა, რომ ბავშვის დაბრუნება არ ხორციელდება, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა.
მეურვეობის უფლება გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.
9
,,ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების დროს ხდება მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან და გარემოსგან მოწყვეტა და იმ პირის/ პირებისგან (ფიზიკური ან იურიდიული) ჩამოშორება, რომლებიც რეალურად ახორციელებდნენ მასზე მეურვეობასა და მზრუნველობას. შედეგად, არასრულწლოვანი ხვდება უცხო სახელმწიფოში – მისთვის განსხვავებულ სოციალურ, სამართლებრივ, კულტურულ ან/და ენობრივ გარემოში. საბოლოოდ, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებისას/დაკავებისას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, მათ შორის, მის ფსიქოემოციურ სტაბილურობასა და განვითარებას, ისე იმ პირს, რომლის მეურვეობის უფლებაც დაირღვა."
10
სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული
ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ:
ა) ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან არამართლზომიერად არის დაკავებული და მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე
გასულია ერთ წელზე ნაკლები;
ბ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე
გასულია ერთ წელზე მეტი და თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351
15 მუხლი).
მართალია, ჰააგის კონვენცია არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნვლყოფას ისახავს მიზნად, მაგრამ არსებობს ის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლოა ბავშვის დაბრუნებაზე უარი ითქვას. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ:
ა) ბავშვის გადაადგილებიდან ან დაკავებიდან
გასულია ერთ წელზე მეტი და
იგი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში;
ბ)
პირი ან ორგანო, რომელიც ითხოვს ბავშვის დაბრუნებას,
ფაქტობრივად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების მომენტისათვის
ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას ან დაკავებას;
გ)
ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი
აზრი , და
იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე ;
დ) არსებობს
იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას
ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან
სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116 მუხლი).
,,ჰააგის კონვენციის მიზნებისათვის, საქართველოს ცენტრალური ორგანოს ფუნქციებს ახორციელებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. საქართველოს ცენტრალური ორგანო:
- იღებს და შესაბამის ორგანოებში გზავნის განცხადებას;
- თანამშრომლობს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ორგანოებთან და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ცვლის ინფორმაციას;
- ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან;
- ჰააგის კონვენციისა და შიდა კანონმდებლობის მოქმედების თაობაზე მოქალაქეებს უწევს კონსულტაციას."
11
__________________________
1 იხ. განმარტებითი მოხსენება ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" კონვენციასთან დაკავშირებით, შესავალი, 1,
http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/302
2
http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/302
3 „ხელშემკვრელი სახელმწიფო" - ქვეყნა/სახელმწიფო, რომელიც არის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის მონაწილე მხარე.
უფრო კონკრეტულად, აქ „ხელშემკვრელი სახელმწიფო" ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მიუერთდა კონვენციას და ეს მიერთება აღიარეს იმ სახელმწიფოებმა, რომელთათვისაც კონვენცია უკვე ძალაშია შესული. იხ. ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018, 22, 9.
4 ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018, 21.
5 იქვე, 12.
6 საინფორმაციო ბროშურა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, დაკავებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით.
7 იხ., ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018, 9.
8 იქვე, 10.
9 იქვე, 9.
10 იქვე, 13.
11 საინფორმაციო ბროშურა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, დაკავებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაციისათვის იხ.
http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/302
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. რაც არის შეხსენება იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, აღნიშნული გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. მათ შორის, ტრადიციად იქცა საბავშვო მოედნებზე ფერადი ცარცით ხატვა მშვიდობის თემაზე.
ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 1950 წლის 1-ელ ივნისს აღინიშნა. მას შემდეგ მრავალ ქვეყანაში ზეიმობენ ამ დღეს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი 18 წლის ასაკის მიღწევამდე. ხოლო, ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციის შესაბამისად - 16 წლის ასაკამდე.
მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
ბავშვის აღზრდა მშობლების არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ სამართლებრივი მოვალეობაცაა.1 სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მშობლების იმ ძირითად უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია.
მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, ისე რომ იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, რათა აღიზარდონ საზოგადოების ღირსეულ წევრებად. შვილების აღზრდის პროცესში მათი ინტერესები უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესში იგულისხმება ზნეობისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი.2
მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 1198-ე (6 ) მუხლი). რაც ნიშნავს, რომ მშობლები თავიანთი შვილების ბუნებრივი მეურვეები და მზრუნველები არიან სპეციალური დანიშვნის გარეშე. მათ უფლება აქვთ და ვალდებულნიც არიან დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ყველა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლოში. მცირეწლოვანი (7 წლამდე პირები) ან არასრულწლოვანი (7-დან 18 წლამდე პირები) ბავშვი ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია. ამიტომ ის მოკლებულია უნარს შეიძინოს გარკვეული უფლებები და იკისროს მოვალეობები. 7 წელს მიუღწეველი პირის სახელით მშობელი, როგორც კანონიერი მეურვე, გამოდის სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში. 7-დან 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამა თუ იმ სახის გარიგების დასადებად საჭიროა მშობლის, როგორც მზრუნველის თანხმობა.3 თუ არასრულწლოვანმა მშობლის თანხმობის გარეშე დადო გარიგება, მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ბათილად ცნობა თუ იგი ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. 4
დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს (სსკ-ს 1198-ე (11) მუხლი).
მშობლები შვილების მიმართ თანასწორუფლებიანები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მშობელს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ და არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა.5
მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა (სსკ-ს 1198-ე (3) მუხლი).
მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება(სსკ-ს 1198-ე (5) მუხლი).
მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას (სსკ-ს 1198-ე (4) მუხლი).
შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევებში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. (სსკ-ს 1200-ე, 1201-ე მუხლები).
მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. რაც შეეხება სრულწლოვან შვილებს, მშობლებს მათი რჩენის ვალდებულება იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ისინი შრომისუუნაროები არიან და დახმარებას საჭიროებენ (სსკ-ს 1198-ე (2), 1212-ე მუხლები).
შვილების რჩენის მოვალეობას მშობლები, როგორც წესი, ნებაყოფლობით ასრულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩო შვილების სასარგებლოდ მათ უნდა დაეკისროთ სასამართლოს მეშვეობით. ასეთ დანაკისრს ალიმენტი ჰქვია.6
მშობლები ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობასაც. მაგრამ თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას (სსკ-ს 1213-ე, 1214-ე მუხლები).
მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, გარდა ალიმენტისა, ასევე შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა) (სსკ-ს 1215-ე მუხლი).
მშობლების განქორწინება ან ცალ-ცალკე ცხოვრება გავლენას არ ახდენს შვილების მიმართ მშობლების უფლებეზე და მოვალეობებზე. კერძოდ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები (სსკ-ს 1202-ე მუხლი).
მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით (სსკ-ს 1206-ე მუხლი).
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით (სსკ-ს 1209-ე მუხლი).
_____________________
1 შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, თბილისი, 2000, 169.2 იქვე, 171- 173.
2 იქვე, 171- 173.
3 იხ. ბლოგი არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების შესახებ, http://teen.court.ge/?news=79
4 შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, თბილისი, 2000, 172.
5 იქვე, 169.
6 იქვე, 195- 196.
არასრულწლოვნის ცალკეული უფლებები სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანია პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. მაშასადამე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (შემდგომში - ამკ) მე-3 (1), (3) მუხლი). რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაისჯება პირი (არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა), რომელსაც დანაშაულის ჩადენის დროს ჯერ არ შესრულებია 14 წელი.1 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება არასრულწლოვანს, რომელსაც შეუსრულდა 14 წელი.
არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, არასრულწლოვნის საქმის წარმოება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. მაგალითად:
- არასრულწლოვანთა საქმის წარმოებას ახორციელებენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები (სპეციალიზებული მოსამართლე, სპეციალიზებული პოლიციელი, სპეციალიზებული გამომძიებელი, სპეციალიზებული პროკურორი და სხვა);
- არასრულწლოვნის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე (გარეშე პირებს არ აქვთ სხდომაზე დასწრების უფლება);
- სავალდებულოა არასრულწლოვან ბრალდებულს ჰყავდეს/დაენიშნოს ადვოკატი;
- არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც;
- 14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით;
- არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.
(ამკ-ის 16-21-ე; 29-ე; 28 (2)-ე ; 52ე მუხლები)
არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენება დასაშვებია, მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, ისიც დროის რაც შეიძლება მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.2
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:
ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით; ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში; გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით; დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით (ესე იგი უფლებით ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით); ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. (ამკ-ს მე-15 მუხლი).
განსხვავებულადაა მოწესრიგებული ასევე არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის საკითხი.
არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელის შემდეგი სახეები: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.3
მაშასადამე, არასრულწლოვანს, სრულწლოვნისაგან განსხვავებით, არ შეიძლება სასჯელის სახით დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელს იხდის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად (ამკ-ს 90-ე (1) მუხლი).
არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება (ამკ-ის 65-ე მუხლი). რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არის არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად (ამკ-ს მე-3 (18) მუხლი).
არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს: რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობით; ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებით და სეირნობის უფლებით; გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობებით (ამკ-ს 82-ე, 83-ე, 86-ე მუხლები).
არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ასევე შემდეგი უფლებებით:
• არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საამისოდ დადგენილი წესის შესაბამისად.
• არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.
• არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით, პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით.
(ამკ-ს 84-ე (1), (2), (41) მუხლი).
• არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება.
• არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს. ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.
• არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ასრულებდეს მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლების შემდეგ მის პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას, აგრეთვე ხელს არ შეუშლის მის მიერ განათლების მიღებას. (ამკ-ს 85-ე (1), (2), (4) მუხლი).
• არასრულწლოვან მსჯავრდებულს აქვს ოჯახთან და გარე სამყაროსთან ხშირი და რეგულარული კონტაქტის უფლება. კერძოდ, მას უფლება აქვს:
- ჰქონდეს თვეში 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
- ჰქონდეს წელიწადში 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 6 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
- თვეში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;
- ჰქონდეს თვეში 4 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 2 დამატებითი ვიდეოპაემანი;
- შეუზღუდავად მიიღოს წერილები, ამანათები და გზავნილები. ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს 1თვემდე ვადით თუ არასრულწლოვანი დაარღვევს დისციპლინას.
- ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით;
- არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს საამისოდ გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.
(ამკ-ს 87-ე (1) მუხლი)
არასრულწლოვნის მიმართ სათანადო წინაპირობების არსებობისას შეიძლება გამოყენებული იქნეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომლის მიზანიცაა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდება და მისთვის სასჯელის ნაცვლად სხვა სახის ღონისძიებების დაკისრება.
______________________
1 შალიკაშვილი/მიქანაძე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სახელმძღვანელო), თბილისი, ფრაიბურგი, სტრასბურგი, 2016, 119.
2 იქვე, 83.
3 იქვე, 125.
არასრულწლოვნის შრომითი უფლებები
არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანს 16 წლის ასაკიდან უფლება აქვს დასაქმდეს.
(არასრულწლოვანია პირი, რომელსაც 18 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია).
ასევე შესაძლებელია 16 წლამდე პირის დასაქმება, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი მშობლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა, თუმცა არასრულწლოვნის დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას (საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 (2) მუხლი). არასრულწლოვანს დასაქმებით დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში შეიძლება შეეზღუდოს, თუ მაგალითად, ის მუშაობს იმ პერიოდში, როდესაც უნდა იმყოფებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სხვა.
თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ერთხელ გასცემს თანხმობას კონკრეტულ სფეროში არასრულწლოვნის დასაქმების შესახებ, ეს თანხმობა ძალაში რჩება და შესაბამისად, ხელახალი გაცემა საჭირო არ არის მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.1
მართალია, 16 წლამდე ასაკის პირის დასაქმება ზემოთ აღნიშნული პირობების არსებობისას, მისი მშობლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ გამონაკლისი ეხება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, რომელთა დასაქმებაც შესაძლებელია მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს სფეროები, სადაც არასრულწლოვნის დასაქმება აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში, ასაკის გაუთვალისწინებლად, თუნდაც მისი მშობლის თანხმობა არსებობდეს. კერძოდ, აკრძალულია არასრულწლოვნის დასაქმება სათამაშო ბიზნესში, ღამის გასართობ დაწესებულებებში, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად (საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 (4) მუხლი). ასეთ შემთხვევებში ,,ივარაუდება, რომ სახეზეა წინააღმდეგობა არასრულწლოვნის მორალურ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასთან“.2 ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა ქმნის ასევე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესრულების საფრთხეს, რაც ასევე ნებადართული არ არის. კერძოდ,აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად(საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 (5) მუხლი).
გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით შეზღუდულია სამუშაო დროის ხანგრძლივობა. კერძოდ, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. დასახელებულზე მეტი დროით სამუშაოს შესრულება (ზეგანაკვეთური სამუშაო) აკრძალულია არასრულწლოვნის თანხმობის გარეშე. (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 (3), (4), მე-17 (3) მუხლები).
ასევე, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის, იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე.
არასრულწლოვნის მშობელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს (საქართველოს შრომის კოდექსის 39-ე მუხლი).
______________________
1 იხ. ბორონი (რედ.), ზაალიშვილი (რედ.), ამირანაშვილი (კოორდ.), საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2016, 57-58.
2 იქვე, 58.
ჯიბის ფულის განკარგვის უფლებამოსილება
არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, თუ არასრულწლოვანი ხელშეკრულებიდან სამართლებრივ სარგებელს არ იღებს (ე.ი. არასრულწლოვანს რაიმე ვალდებულებას აკისრებს, მაგ: ნასყიდობის ფასის გადახდა) საჭიროა, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
1 იმ შემთხვევაში კი, როდესაც არასრულწლოვანი ხელშეკრულებიდან სამართლებრივ სარგებელს არ იღებს,
2 მაგრამ ხელშეკრულების დადებისათვის განკარგავს ე.წ.
,,ჯიბის ფულს“, ესე იგი იმ საშუალებებს, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა, ხელშეკრულება, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშეც ნამდვილად ითვლება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით. მაგრამ აღნიშნული არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადების ზოგადი წესიდან გამონაკლისი კი არ არის, არამედ ითვლება, რომ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადებისათვის, შეიძლება გამოიხატოს მისთვის იმ თანხის გადაცემაშიც, რომლის განკარგვის უფლებაც არასრულწლოვანს აქვს. ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულება არც არის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული, ის უბრალოდ მკვეთრად არ არის გამოხატული. ამრიგად, მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს სახეზეა კანონიერი წარმომადგენლის „წინასწარი თანხმობის სპეციალური შემთხვევა“.
3
არასრულწლოვნისათვის გადაცემულ საშუალებებად მიიჩნევა ნებისმიერი ქონებრივი ფასეულობები, პირველ რიგში, ფულადი სახსრები - ნაღდი ფული.
4
მაგალითად, თუ არასრულწლოვანს სურს ველოსიპედის შეძენა, ველოსიპედის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის (ნამდვილი ხელშეკრულება იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებაა) აუცილებელი იქნება არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლები ან მზრუნველი) თანხმობა, რომელიც ან წინასწარ უნდა იქნეს გაცემული ან შემდგომში მოიწონოს ხელშეკრულება არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა. მაგრამ თუ არასრულწლოვანს თავისი კანონიერი წარმომადგენლები ან ამ წარმომადგენლების თანხმობით მესამე პირები გადასცემენ თანხას ველოსიპედის შეძენის მიზნით და არასრულწლოვანი ამ თანხით (ჯიბის ფული) შეიძენს ველოსიპედს მაშინ, ამ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭირო არ არის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ვინაიდან, არასრულწლოვანი ამ შემთხვევაში ველოსიპედის შესაძენად განკარგავს (იყენებს) იმ თანხას, რაც მას კანონიერმა წარმომადგენლებმა ან მათი თანხმობით მესამე პირებმა გადასცეს.
ასევე, თუ არასრულწოვანს თავისი კანონიერი წარმომადგენლები ან ამ წარმომადგენლების თანხმობით მესამე პირები გადასცემენ თანხას თავისუფალი განკარგვის მიზნით და არასრულწლოვანი გადაწყვეტს ამ თანხით მობილური ტელეფონი შეიძინოს, მის მიერ დადებული მობილური ტელეფონის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭირო აღარ იქნება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ვინაიდან, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი განკარგავს მისთვის თავისუფალი განკარგვის მიზნით გადაცემულ საშუალებას. (ესე იგი ასეთ შემთხვევებში იგულისხმება, რომ კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა, არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადებაზე, არასრულწლოვნისათვის თანხის გადაცემით იმთავითვე გამოხატა. ამიტომაა, რომ კანონიერი წარმომადგენლისაგან შემდგომი თანხმობის გაცემაზე ვეღარ იქნება დამოკიდებული არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი).
არასრულწლოვნის მიერ გადაცემულ საშუალებათა თავისუფალი განკარგვის უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენების შედეგად მიღებული ყოველი ფასეულობა არასრულწლოვანს ასევე თავისუფლად შეუძლია განკარგოს. განკარგვის პირველადი თავისუფლება, როგორც წესი, არ წარმოშობს განკარგვის მომდევნო თავისუფლებას. მაგალითად, თუ არასრულწლოვანი ჯიბის ფულით შეიძენს ლოტოს ბილეთს, მოიგებს თანხას, შემდეგ კი ამ ფულით იყიდის ავტომანქანას, ეს უკანასკნელი ხელშეკრულება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ვერ იქნება ნამდვილი. მართალია, არასრულწლოვანს უფლება აქვს თავისუფლად გამოიყენოს ჯიბის ფული და იყიდოს ლოტოს ბილეთი, მაგრამ მის საფუძველზე მოგებული თანხის თავისუფლად განკარგვის უფლება მას აღარ აქვს.
5
მშობლებს ხშირად აინტერესებთ, თუ რა ოდენობის თანხის მიცემაა მიზანშეწონილი თავიანთი არასრულწლოვანი შვილებისათვის. გერმანიაში არასრულწლოვანთა საკითხების კურატორი ორგანოს
6 რეკომენდაციით შემუშავებული იქნა ე.წ.
,,ჯიბის ფულის ცხრილი“, სადაც ჯიბის ფულის ოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორი ბავშვის ასაკია და მითითებულია თუ რა ასაკის მცირეწლოვნისათვის/არასრულწლოვნისათვის რა ოდენობის თანხის მიცემაა რეკომენდირებული.
7 აღნიშნული ცხრილი დახმარებას გაუწევს მშობლებს არასრულწლოვნისათვის მისაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრაში.
,,ჯიბის ფულის ცხრილი" კი შემდეგნაირად გამოიყურება:
ასაკი | ჯიბის ფული |
4 – 5 წელი | 0,5 ევრო კვირაში |
6 - 7 წელი | 1,50 – 2 ევრო კვირაში |
8 – 9 წელი | 2 – 3 ევრო კვირაში |
10 – 11 წელი | 13 – 16 ევრო თვეში |
12 – 13 წელი | 18 – 22 ევრო თვეში |
14 – 15 წელი | 25 – 30 ევრო თვეში |
16 – 17 წელი | 35 – 45 ევრო თვეში |
18 წელი | 70 ევრო თვეში |
_______________________
1 იხ. ბლოგი ,,რა შემთხვევაშია უფლებამოსილი არასრულწლოვანი დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულება?"
http://teen.court.ge/?news=79
2 ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 65, ველი 3.
3 იქვე, ველი 4.
4 იქვე, ველი 6.
5 ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999, 208-209.
6 “Jugendamt“.
7 იხ.
http://www.taschengeldtabelle.org/
რა შემთხვევაშია უფლებამოსილი არასრულწლოვანი დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულება?
არასრულწლოვანს (7-დან 18 წლამდე), მცირეწლოვნისაგან (7 წლამდე პირები) განსხვავებით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო ბრუნვაში, მას შეუძლია დადოს ხელშეკრულება. მაგრამ ეს არ უნდა აღმოჩნდეს მისთვის ზიანის მომტანი.1
არასრულწლოვნის თავისუფალი მოქმედების ფარგლები იზღუდება იმ მიზნით, რომ ის დაცული იქნეს იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისაგან, რომლებიც მის მიერ ხელშეკრულების დადებას შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს კანონმდებელი, ცალკეულ შემთხვევაში, არასრულწლოვნის მიერ გარიგების დადებისათვის მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობას.
არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან მშობლები. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვან ბავშვს კი უწესდება მზრუნველი.
არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულებები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: როდესაც არასრულწლოვანი ხელშეკრულებიდან იღებს სამართლებრივ სარგებელს და როდესაც ის ასეთ სარგებელს არ იღებს.
სამართლებრივად წამგებიანი იქნება ხელშეკრულება, თუკი მისგან არასრულწლოვანს რაიმე ვალდებულება ეკისრება, ხოლო სამართლებრივი სარგებლის შემცველია ისეთი ხელშეკრულება, რომელიც არასრულწლოვანს მხოლოდ მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ესე იგი სამართლებრივად სარგებლის მომტანად მიიჩნევა ისეთი გარიგებები, რომლებიც არასრულწლოვნის სამართლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებენ, მაგალითად, უფლების შეძენა, არასრულწლოვნისათვის რაიმეს ჩუქება და ა.შ. ხოლო ნასყიდობას, ქირავნობას, და სხვა მსგავს ხელშეკრულებებს მარტო სამართლებრივი სარგებელი კი არ მოაქვს არასრულწლოვანისათვის, არამედ ვალდებულებებსაც აკისრებს მას.2 მაგალითად ქირავნობის დროს წარმოიშობა ქირის გადახდის ვალდებულება, ნასყიდობის დროს - ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება და ა.შ.
თუ არასრულწლოვანი მის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან იღებს სამართლებრივ სარგებელს, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის (ნამდვილი ხელშეკრულება იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებაა), ესე იგი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის, საჭირო არ არის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ხოლო, არასრულწლოვნის მიერ ისეთი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ის სამართლებრივ სარგებელს არ იღებს, მოითხოვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას. თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას. თუ კანონიერი წარმომადგენელი არ დაეთანხმება (არ მოიწონებს) არასრულწლოვნის მიერ დადებულ ხელშეკრულებას, მაშინ ასეთი ხელშეკრულება იქნება ბათილი და შესაბამისად, არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის დადგომის მიზნითაც დადეს მხარეებმა ხელშეკრულება.
ასეთ გარიგებებს მერყევად ბათილს უწოდებენ, ვინაიდან თანხმობაზეა დამოკიდებული მისი ნამდვილობა და არსებობს იმისი შესაძლებლობა, ეს გარიგება მოიწონოს კანონიერმა წარმომადგენელმა. მართალია, თანხმობის გარეშე იგი ბათილია, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება მისი მოწონება. ეს გარემოება მას მერყევად ბათილს ხდის, ვინაიდან ბათილობა ჯერ კიდევ არაა საბოლოო. მერყევი მდგომარეობა ისპობა მისი მოწონების, ან მოწონებაზე უარის თქმით. მოწონებით ბათილი გარიგება (ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას) იქცევა ნამდვილ გარიგებად. მაგრამ თუ კანონიერი წარმომადგენელი არ გასცემს თანხმობას (არ მოიწონებს), მაშინ გარიგება ბათილი იქნება დადების მომენტიდან. 3
ვიდრე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი მოიწონებდეს არასრულწლოვნის მიერ დადებულ ხელშეკრულებას, მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანების შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.
თუ არასრულწლოვანი გახდება სრულწლოვანი, მაშინ იგი თვითონ გადაწყვეტს საკითხს თავის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის შესახებ.
1ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 63, ველი 1.
2ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 63, ველი 7.
3ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 63, ველი 5.
ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
ბავშვთა უფლებები განსაკუთრებით გვახსენდება პირველ ივნისს, როცა მრავალი ქვეყანა დღესასწაულობს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღეს (International children’s day).
International children’s day არის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული, რომელიც დაარსდა ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი, რაც ქართულად ნიშნავს ნავი-დრაკონების ფესტივალს. 1925 წლის პირველი ივნისის ნავი-დრაკონების ფესტივალს დაემთხვა”ბავშვთა” კონფერენცია ჟენევაში.
ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 1950 წლის 1 ივნისს აღინიშნა. მას შემდეგ მრავალ ქვეყანაში ზეიმობენ ამ დღეს.
ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში, ნებისმიერ სოციალურ ფენაში. ის შესაძლებელია გამოიხატოს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ეკონომიკურ ძალადობაში, მსხვერპლის იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე ქმედება. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს ოჯახის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად სქესისა, ასაკისა თუ სტატუსისა. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, დამნაშავეს და მსხვერპლს მიაჩნიათ თუ არა თავი ოჯახის წევრებად, ცხოვრობენ ისინი ერთად, თუ არ ცხოვრობენ. ამ ძალადობის გამოვლენისას კანონმდებლობით ოჯახის წევრად მიიჩნევა მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი(გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილ, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახური ძალადობა ყველაზე რთულ და საზოგადოებისთვის საშიშ დანაშაულს წარმოადგენს, რადგან მას შეუძლია ადამიანი მიიყვანოს, როგორც ფსიქიკურ აშლილობამდე, ასევე ფიზიკურ განადგურებამდე. განსაკუთრებით საშიშია ძალადობის ეს ფორმა არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ამგვარი ძალადობისას განიცდიან უმძიმეს სტრესს, რაც ხელს უშლის მათ სრულფასოვან საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებას. ბავშობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა ზეგავლენას ახდენს ადამინის მთელ ცხოვრებაზე. ძალადობრივ გარემოში აღზრდილი ადამინი კი ხშირ შემთხვევაში თვითონაც მოძალადედ ყალიბდება. არასრულწლოვანი დაზარალებული ეკონომიურად დამოკიდებულია მოძალადე მშობელზე და ამ დროს რთულია განსაზღვრო, თუ რა შეიძლება იყოს მისთვის საუკეთესო ინტერესი.
ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ოჯახური ძალადობა მხოლოდ „ოჯახის საქმედ“ ითვლებოდა. საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა გენდერული თუ სხვა სტერეოტიპებიდან გამომდინარე ამგვარ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების საჭირეობას არავინ მიიჩნევდა მიზანშეწონილად და ის მხოლოდ ოჯახის შიდა პრობლემად ითვლებოდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე გამოვლენილმა მკვლელობებმა კანონმდებელს აჩვენა, რომ აუცილებელი იყო კანონმდებლობის დახვეწა. ასევე, აუცილებელი გახდა სამართალდამცავი მოხელეების გადამზადება.
დანაშაულის ამ ფორმას ფარული და განმეორებითი ხასიათი აქვს. მის წინააღმდეგ საბრძოლველად კი საჭიროა კომპლექსური ქმედებების განხორციელება - დაწყებული დანაშაულის გამოვლენით, გაგრძელებული დამნაშავის იდენტიფიცირებით და შემდგომ მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნით, თუ სხვა პასუხისმგებლობების დაკისრებით.
2012 წლის მაისში სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და მოხდა ოჯახური ძალადობის კრიმინალიზაცია, კერძოდ სსსკ-ის 11 პრიმა მუხლი განსაზღვრავს ვინ შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.
მოქმედი რეგულაციით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია თავშესაფრით, სადაც მსხვერპლის განთავსება ხდება 3 თვის ვადით და ამ თავშესაფრის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერით ხდება. ასევე, მსხვერპლის სტატუსს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი საბჭო.
მოქალაქეებს ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით შეუძლიათ კონსულტაციის მიზნით დარეკონ ცხელ ხაზზე 116 006.
ავტორი: ნათია ფულარიანი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
“მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთის სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნამუსია და განსახორციელებელი სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ გაწმენდილი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული.“
ილია ჭავჭავაძე
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ექსპერტთა მტკიცებით, ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო ძველ საბერძნეთში ე.წ. „ჰეილეია“ იყო, ხოლო თანამედროვე ეპოქაში, ამ ინსტიტუტის სამშობლოდ ინგლისი ითვლება. საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მეშვეობით 2010 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება, როდესაც სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი შევიდა ძალაში. თუმცა, ქართული სამართლის ისტორიისთვის მსაჯულთა მიერ მართლმსაჯულების აღსრულება უცხო არც მანამდე ყოფილა. ასეთი ტიპის სამართალწარმოებით ძირითადად მაღალმთიან რეგიონები მთის სამართალით გამოირჩეოდა. მაგალითად, ხევსურული ჩვეულებით სამართალი ითვალისწინებდა სამართალწარმოების ისეთ სახეს, როგორიც იყო „რჯული“ ანუ 4-12 რჩეული პირისგან, ძირითდად უხუცესებისგან, შემდგარი სასამართლო. სასამართლოს წევრებს მსაჯულებს უწოდებდნენ და ისინი ძველი ადათ-წესების მიხედვით განიხილავდნენ მოსისხლეთა შერიგების, ქურდობის, განქორწინების და სხვა საქმეებს.
საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში, თუშეთში, დღემდეა შემორჩენილი ისტორიული ძეგლი „საბჭეო“ ანუ სასამართლო, რომელიც 2010 წელს განახლდა. ის სოფლის განაპირას მდებარეობს და თორმეტი მსაჯულისთვის განკუთვნილი ქვის სკამისგან შედგება. სკამები განლაგებულია ნახევარმთვარისებური ფორმით. იქვე არის მოწმისა და ბრალდებულისათვის განკუთვნილი ორი ქვაც, სადაც იჩოქებოდნენ და ამ მდგომარეობაში იცავდნენ თავიანთ სიმართლეს, ისმენდნენ მოსამართლის განაჩენს, რომლის დაუმორჩილებლობა ღვთის ნების წინაშე წასვლას უტოლდებოდა. ასევე, აღსანიშნავია გენდერული თვალსაზრისით ის ფაქტი, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს, მთავარი ბჭე-მოსამართლის სავარძელი ცნობილი თუში სახალხო გმირის - დევდრის ანთას სიბრძნითა და გონებით გამორჩეულ ასულს ეკავა. სვანეთში ასეთი ტიპის სასამართლოები „მორვალის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. სადაც მხარეები თვითონ ქმნიდნენ სასამართლო შემადგენლობას, წარადგენდნენ მტკიცებულებებს რომლებსაც მედიატორები აფასებდნენ და ამის საფუძველზე გამოჰქონდათ განაჩენი. მტკიცებულებათა შეკრებაში მოსამართლეები პასიურები იყვნენ. სასამართლო პროცესი კი შეჯიბრებითობითი იყო, ხოლო მხარეები აბსოლუტურად თანასწორი. რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში ჩვეულებითი სამართლის სისტემა შეიცვალა რუსული მოდელით, სადაც მართლმსაჯულებას ახორციელებდა მომრიგებელი მოსამართლე. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დიდი მხარდამჭერი გახლდათ ილია ჭავჭავაძე. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუშეთის რაიონში მომრიგბელ მოსამართლედაც მუშაობდა.
2010 წლის ოქტომბრამდე, სანამ ქართულ კანონმდებლობაში მსაჯულთა ინსტიტუტი დაინერგებოდა, ბევრი დისკუსია გაიმართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ინსტიტუტს ჰყავდა როგორც ბევრი მხარდამჭერი, ასევე მოწინააღმდეგე. მხარდამჭერების უპირველესი არგუმენტი იყო ის, რომ ნაფიცები ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას, სადაც სახელმწიფო ძალაუფლებისგან ინდივიდის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ქმნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპით. პროცესის მონაწილეები ნაკლებად ექცევიან ბრალდების მხარის ზეგავლენის ქვეშ და ვერდიქტის გამოტანისას მოქმედებენ სისხლის სამართლის უმთავრესი „ინ დუბიო პრო რეო“ (ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება) პრინციპით. მოწინააღმდეეგების არგუმენტი მაშინაც და ახლაც გახლავთ ის, რომ მსაჯულები არაპროფესიონალები არიან და შეუძლებელია, ასეთ ადამიანებს ანდონ იმგვარი რთული პროცესი, როგორიც არის ბრალდებულის დამნაშევეობის ან უდანაშაულობის დადგენა. ასევე, მათი აზრით, ეს ინსტიტუტი ხელს უშლის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც ბრალდებულის უპირველესი უფლებათაგანია. მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ამ ინსტიტუტის სიძვირეც.
მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ნაფიც მსაჯულთა მიერ განიხილება ისეთი სისხლის სამართლის საქმეები, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა 18 წელს მიღწეულ პირთა ერთიანი სიიდან. ამ სიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად უგზავნის შესაბამის სასამართლოს. ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები გარდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ სრულწლოვნები, ასევე, უნდა ფლობდნენ სისხლის სამართლის პროცესის ენას, უნდა ცხოვრობდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ასევე არ უნდა ქონდეს შეზღუდული ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, რათა ხელი არ შეეშალოს მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში. ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება ის კანდიდატი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი,მოქმედი სამხედრო მასამსახურე, სასულიერო პირი და ა.შ. კანონმდებლობა უფლებას აძლევს მოქალაქეს უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე თუ ის უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული, თუ ის ასრულებს ისეთ სამუშაოს რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს, თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ 70 წელს გადაცილებული პირია ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს. ნაფიც მსაჯულს ან ნაფიც მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ სახელმწიფოსგან დროულად მიიღონ ყველა ხარჯის ანაზღაურება რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი მოვალეობის შესრულებასთან. იქნება ეს დღიური, სამგზავრო თუ სხვა ხარჯები.
ავტორი: ნათია ფულარიანი
სასამართლო ხელისუფლება
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. ხელისუფლება შედგება სამი შტოსგან- საკანონმდებლო ხელისუფლება (პარლამენტი), აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა) და სასამართლო ხელისუფლება.
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.
სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მიერ.
საკონსიტუტიო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
საერთო სასამართლოები სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ მართლმსაჯულება. საერთო სასამართლოები შედგება სამი ინსტანციის სასამართლოებისგან. I ინსტანციის სასამართლოა საქალაქო/ რაიონული სასამართლო. II ინსტანციის სასამართლოა სააპელაციო სასამართლო. III ინსტანციის სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქალაქო/რაიონული სასამართოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და თბილისის სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საერთო სასამართლოებში კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. საომარ პირობებში საერთო სასამართლოების სისტემაში შესაძლებელია შეიქმნას სამხედრო სასამართლო. საგანგებო და სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.
მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. მოსამართლეზე რაიმე სახით ზეწოლა დაუშვებელია და ისჯება კანონით. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.
მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან , გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა . მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი , მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში .