მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
ბავშვთა საერთაშორისო გატაცება
2019-03-14



ბავშვთა საერთაშორისო გატაცების ფაქტები საკმაოდ ხშირია. ბავშვების გატაცების გახშირების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით და ბავშვების საერთაშორისო დაცვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციაზე 1980 წლის 25 ოქტომბერს, დამსწრე სახელმწიფოების მიერ მიღებული იქნა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენცია,1 რომელსაც საქართველო 1995 წლის 14 თებერვალს შეუერთდა, ხოლო ძალაში შევიდა 1997 წლის პირველ ოქტომბერს.2

ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების შემთხვევაში მისი დაბრუნების საკითხი და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციასთან ერთად, (შემდგომში - ჰააგის კონვენცია) მოწესრიგებულია ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII2 თავით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით (13057-13059).

იმისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ჰააგის კონვენციის მოქმედება გავრცელდეს:
- ორივე სახელმწიფო (საიდანაც ბავშვის გადაადგილება მოხდა და სადაც ბავშვის გადაყვანა მოხდა) უნდა იყოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო;3
- ბავშვს შესრულებული არ უნდა ჰქონდეს 16 წელი ვინაიდან კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიაღწევს (ჰააგის კონვენციის მე-4 მუხლი);
- არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე ბავშვი ჩვეულებრივ, უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 4

,,უმრავლეს შემთხვევაში, პირი, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა/დააკავა ბავშვი, მის ოჯახურ წრეს განეკუთვნება, ძირითადად, ეს არის მისი მშობელი."5

მაგალითად, ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება ან დაკავება სახეზეა, როდესაც ბავშვი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაში, შემდგომ კი ერთ-ერთი მშობელი (დედა) ბავშვს წამოიყვანს საქართველოში და აღარ არის თანახმა ბავშვი დააბრუნოს გერმანიაში მამასთან.

მაშასადამე, ,,ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება და დაკავება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არასრულწლოვანი მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოდან გაჰყავთ სხვა ქვეყანაში ერთი ან ორივე მშობლის ან მეურვეობის უფლების მქონე სხვა პირის თანხმობის გარეშე; ან გარკვეული დროით თანხმობით და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბავშვს არ აბრუნებენ უკან .“6

უფრო კონკრეტულად:
ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება ნიშნავს :
- პირისათვის (ან ორგანოსათვის) მეურვეობის უფლების დარღვევას, რაც უზრუნველყოფილი იყო იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა არამართლზომიერად გადაადგილებამდე და
- ბავშვზე მეურვეობის უფლება გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ან/და გამოყენებული იქნებოდა რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება,
- ხოლო ბავშვი გადაადგილდა ამ სახელმწიფოდან სხვა სახელმწიფოში (კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში) მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე და მისი მოთხოვნის შემდეგ არ ხდება ბავშვის დაბრუნება.7

ბავშვის არამართლზომიერი დაკავება ნიშნავს:
- პირისათვის (ან ორგანოსათვის) მეურვეობის უფლების დარღვევას, რაც უზრუნველყოფილი იყო იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა არამართლზომიერად დაკავებამდე და
- ბავშვზე მეურვეობის უფლება დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ან/და გამოყენებული იქნებოდა რომ არა არამართლზომიერი დაკავება,
- ხოლო ბავშვი ამ სახელმწიფოდან მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის შედეგად გადაადგილდა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით , თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხორციელდება, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა.8

მაშასადამე, არამართლზომიერი გადაადგილების შემთხვევაში, ბავშვის გადაადგილება ხდება ბავშვზე მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე, ხოლო არამართლზომიერი დაკავებისას - ბავშვზე მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის შედეგად, ორივე მათგანის შედეგი კი ისაა, რომ ბავშვის დაბრუნება არ ხორციელდება, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა.

მეურვეობის უფლება გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.9

,,ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების დროს ხდება მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან და გარემოსგან მოწყვეტა და იმ პირის/ პირებისგან (ფიზიკური ან იურიდიული) ჩამოშორება, რომლებიც რეალურად ახორციელებდნენ მასზე მეურვეობასა და მზრუნველობას. შედეგად, არასრულწლოვანი ხვდება უცხო სახელმწიფოში – მისთვის განსხვავებულ სოციალურ, სამართლებრივ, კულტურულ ან/და ენობრივ გარემოში. საბოლოოდ, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებისას/დაკავებისას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, მათ შორის, მის ფსიქოემოციურ სტაბილურობასა და განვითარებას, ისე იმ პირს, რომლის მეურვეობის უფლებაც დაირღვა."10

სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ:
ა) ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან არამართლზომიერად არის დაკავებული და მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე ნაკლები;
ბ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე მეტი და თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351 15 მუხლი).

მართალია, ჰააგის კონვენცია არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნვლყოფას ისახავს მიზნად, მაგრამ არსებობს ის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლოა ბავშვის დაბრუნებაზე უარი ითქვას. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ:
ა) ბავშვის გადაადგილებიდან ან დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და იგი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში;
ბ) პირი ან ორგანო, რომელიც ითხოვს ბავშვის დაბრუნებას, ფაქტობრივად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების მომენტისათვის ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას ან დაკავებას;
გ) ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი , და იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე ;
დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116 მუხლი).

,,ჰააგის კონვენციის მიზნებისათვის, საქართველოს ცენტრალური ორგანოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. საქართველოს ცენტრალური ორგანო:
- იღებს და შესაბამის ორგანოებში გზავნის განცხადებას;
- თანამშრომლობს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ორგანოებთან და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ცვლის ინფორმაციას;
- ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან;
- ჰააგის კონვენციისა და შიდა კანონმდებლობის მოქმედების თაობაზე მოქალაქეებს უწევს კონსულტაციას."11

__________________________
1 იხ. განმარტებითი მოხსენება ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" კონვენციასთან დაკავშირებით, შესავალი, 1, http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/302
2 http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/302
3 „ხელშემკვრელი სახელმწიფო" - ქვეყნა/სახელმწიფო, რომელიც არის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის მონაწილე მხარე.
უფრო კონკრეტულად, აქ „ხელშემკვრელი სახელმწიფო" ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მიუერთდა კონვენციას და ეს მიერთება აღიარეს იმ სახელმწიფოებმა, რომელთათვისაც კონვენცია უკვე ძალაშია შესული. იხ. ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018, 22, 9.
4 ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018, 21.
5 იქვე, 12.
6 საინფორმაციო ბროშურა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, დაკავებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით.
7 იხ., ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018, 9.
8 იქვე, 10.
9 იქვე, 9.
10 იქვე, 13.
11 საინფორმაციო ბროშურა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, დაკავებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაციისათვის იხ. http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/302
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.