მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
2018-03-07
ბავშვის აღზრდა მშობლების არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ სამართლებრივი მოვალეობაცაა.1 სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მშობლების იმ ძირითად უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია.
მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, ისე რომ იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, რათა აღიზარდონ საზოგადოების ღირსეულ წევრებად. შვილების აღზრდის პროცესში მათი ინტერესები უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესში იგულისხმება ზნეობისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი.2
მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 1198-ე (6 ) მუხლი). რაც ნიშნავს, რომ მშობლები თავიანთი შვილების ბუნებრივი მეურვეები და მზრუნველები არიან სპეციალური დანიშვნის გარეშე. მათ უფლება აქვთ და ვალდებულნიც არიან დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ყველა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლოში. მცირეწლოვანი (7 წლამდე პირები) ან არასრულწლოვანი (7-დან 18 წლამდე პირები) ბავშვი ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია. ამიტომ ის მოკლებულია უნარს შეიძინოს გარკვეული უფლებები და იკისროს მოვალეობები. 7 წელს მიუღწეველი პირის სახელით მშობელი, როგორც კანონიერი მეურვე, გამოდის სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში. 7-დან 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამა თუ იმ სახის გარიგების დასადებად საჭიროა მშობლის, როგორც მზრუნველის თანხმობა.3 თუ არასრულწლოვანმა მშობლის თანხმობის გარეშე დადო გარიგება, მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ბათილად ცნობა თუ იგი ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. 4
დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს (სსკ-ს 1198-ე (11) მუხლი).
მშობლები შვილების მიმართ თანასწორუფლებიანები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მშობელს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ და არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა.5
მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა (სსკ-ს 1198-ე (3) მუხლი).
მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება(სსკ-ს 1198-ე (5) მუხლი).
მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას (სსკ-ს 1198-ე (4) მუხლი).
შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევებში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. (სსკ-ს 1200-ე, 1201-ე მუხლები).
მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. რაც შეეხება სრულწლოვან შვილებს, მშობლებს მათი რჩენის ვალდებულება იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ისინი შრომისუუნაროები არიან და დახმარებას საჭიროებენ (სსკ-ს 1198-ე (2), 1212-ე მუხლები).
შვილების რჩენის მოვალეობას მშობლები, როგორც წესი, ნებაყოფლობით ასრულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩო შვილების სასარგებლოდ მათ უნდა დაეკისროთ სასამართლოს მეშვეობით. ასეთ დანაკისრს ალიმენტი ჰქვია.6
მშობლები ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობასაც. მაგრამ თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას (სსკ-ს 1213-ე, 1214-ე მუხლები).
მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, გარდა ალიმენტისა, ასევე შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა) (სსკ-ს 1215-ე მუხლი).
მშობლების განქორწინება ან ცალ-ცალკე ცხოვრება გავლენას არ ახდენს შვილების მიმართ მშობლების უფლებეზე და მოვალეობებზე. კერძოდ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები (სსკ-ს 1202-ე მუხლი).
მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით (სსკ-ს 1206-ე მუხლი).
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით (სსკ-ს 1209-ე მუხლი).
_____________________
1 შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, თბილისი, 2000, 169.2 იქვე, 171- 173.
2 იქვე, 171- 173.
3 იხ. ბლოგი არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების შესახებ, http://teen.court.ge/?news=79
4 შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, თბილისი, 2000, 172.
5 იქვე, 169.
6 იქვე, 195- 196.