მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
არასრულწლოვნის შრომითი უფლებები
2017-12-15



არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანს 16 წლის ასაკიდან უფლება აქვს დასაქმდეს.
(არასრულწლოვანია პირი, რომელსაც 18 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია).

ასევე შესაძლებელია 16 წლამდე პირის დასაქმება, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი მშობლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა, თუმცა არასრულწლოვნის დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას (საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 (2) მუხლი). არასრულწლოვანს დასაქმებით დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში შეიძლება შეეზღუდოს, თუ მაგალითად, ის მუშაობს იმ პერიოდში, როდესაც უნდა იმყოფებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სხვა.

თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ერთხელ გასცემს თანხმობას კონკრეტულ სფეროში არასრულწლოვნის დასაქმების შესახებ, ეს თანხმობა ძალაში რჩება და შესაბამისად, ხელახალი გაცემა საჭირო არ არის მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.1

მართალია, 16 წლამდე ასაკის პირის დასაქმება ზემოთ აღნიშნული პირობების არსებობისას, მისი მშობლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ გამონაკლისი ეხება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, რომელთა დასაქმებაც შესაძლებელია მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს სფეროები, სადაც არასრულწლოვნის დასაქმება აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში, ასაკის გაუთვალისწინებლად, თუნდაც მისი მშობლის თანხმობა არსებობდეს. კერძოდ, აკრძალულია არასრულწლოვნის დასაქმება სათამაშო ბიზნესში, ღამის გასართობ დაწესებულებებში, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად (საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 (4) მუხლი). ასეთ შემთხვევებში ,,ივარაუდება, რომ სახეზეა წინააღმდეგობა არასრულწლოვნის მორალურ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასთან“.2 ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა ქმნის ასევე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესრულების საფრთხეს, რაც ასევე ნებადართული არ არის. კერძოდ,აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად(საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 (5) მუხლი).

გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით შეზღუდულია სამუშაო დროის ხანგრძლივობა. კერძოდ, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. დასახელებულზე მეტი დროით სამუშაოს შესრულება (ზეგანაკვეთური სამუშაო) აკრძალულია არასრულწლოვნის თანხმობის გარეშე. (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 (3), (4), მე-17 (3) მუხლები).

ასევე, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის, იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე.

არასრულწლოვნის მშობელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს (საქართველოს შრომის კოდექსის 39-ე მუხლი).

______________________
1 იხ. ბორონი (რედ.), ზაალიშვილი (რედ.), ამირანაშვილი (კოორდ.), საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2016, 57-58.
2 იქვე, 58.
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.