რა შემთხვევაშია უფლებამოსილი არასრულწლოვანი დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულება?
2017-11-14
არასრულწლოვანს (7-დან 18 წლამდე), მცირეწლოვნისაგან (7 წლამდე პირები) განსხვავებით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო ბრუნვაში, მას შეუძლია დადოს ხელშეკრულება. მაგრამ ეს არ უნდა აღმოჩნდეს მისთვის ზიანის მომტანი.1
არასრულწლოვნის თავისუფალი მოქმედების ფარგლები იზღუდება იმ მიზნით, რომ ის დაცული იქნეს იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისაგან, რომლებიც მის მიერ ხელშეკრულების დადებას შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს კანონმდებელი, ცალკეულ შემთხვევაში, არასრულწლოვნის მიერ გარიგების დადებისათვის მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობას.
არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან მშობლები. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვან ბავშვს კი უწესდება მზრუნველი.
არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულებები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: როდესაც არასრულწლოვანი ხელშეკრულებიდან იღებს სამართლებრივ სარგებელს და როდესაც ის ასეთ სარგებელს არ იღებს.
სამართლებრივად წამგებიანი იქნება ხელშეკრულება, თუკი მისგან არასრულწლოვანს რაიმე ვალდებულება ეკისრება, ხოლო სამართლებრივი სარგებლის შემცველია ისეთი ხელშეკრულება, რომელიც არასრულწლოვანს მხოლოდ მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ესე იგი სამართლებრივად სარგებლის მომტანად მიიჩნევა ისეთი გარიგებები, რომლებიც არასრულწლოვნის სამართლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებენ, მაგალითად, უფლების შეძენა, არასრულწლოვნისათვის რაიმეს ჩუქება და ა.შ. ხოლო ნასყიდობას, ქირავნობას, და სხვა მსგავს ხელშეკრულებებს მარტო სამართლებრივი სარგებელი კი არ მოაქვს არასრულწლოვანისათვის, არამედ ვალდებულებებსაც აკისრებს მას.2 მაგალითად ქირავნობის დროს წარმოიშობა ქირის გადახდის ვალდებულება, ნასყიდობის დროს - ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება და ა.შ.
თუ არასრულწლოვანი მის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან იღებს სამართლებრივ სარგებელს, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის (ნამდვილი ხელშეკრულება იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებაა), ესე იგი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის, საჭირო არ არის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ხოლო, არასრულწლოვნის მიერ ისეთი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ის სამართლებრივ სარგებელს არ იღებს, მოითხოვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას. თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას. თუ კანონიერი წარმომადგენელი არ დაეთანხმება (არ მოიწონებს) არასრულწლოვნის მიერ დადებულ ხელშეკრულებას, მაშინ ასეთი ხელშეკრულება იქნება ბათილი და შესაბამისად, არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის დადგომის მიზნითაც დადეს მხარეებმა ხელშეკრულება.
ასეთ გარიგებებს მერყევად ბათილს უწოდებენ, ვინაიდან თანხმობაზეა დამოკიდებული მისი ნამდვილობა და არსებობს იმისი შესაძლებლობა, ეს გარიგება მოიწონოს კანონიერმა წარმომადგენელმა. მართალია, თანხმობის გარეშე იგი ბათილია, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება მისი მოწონება. ეს გარემოება მას მერყევად ბათილს ხდის, ვინაიდან ბათილობა ჯერ კიდევ არაა საბოლოო. მერყევი მდგომარეობა ისპობა მისი მოწონების, ან მოწონებაზე უარის თქმით. მოწონებით ბათილი გარიგება (ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას) იქცევა ნამდვილ გარიგებად. მაგრამ თუ კანონიერი წარმომადგენელი არ გასცემს თანხმობას (არ მოიწონებს), მაშინ გარიგება ბათილი იქნება დადების მომენტიდან. 3
ვიდრე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი მოიწონებდეს არასრულწლოვნის მიერ დადებულ ხელშეკრულებას, მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანების შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.
თუ არასრულწლოვანი გახდება სრულწლოვანი, მაშინ იგი თვითონ გადაწყვეტს საკითხს თავის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის შესახებ.
1ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 63, ველი 1.
2ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 63, ველი 7.
3ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 63, ველი 5.