ოჯახური ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში, ნებისმიერ სოციალურ ფენაში. ის შესაძლებელია გამოიხატოს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ეკონომიკურ ძალადობაში, მსხვერპლის იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე ქმედება. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს ოჯახის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად სქესისა, ასაკისა თუ სტატუსისა. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, დამნაშავეს და მსხვერპლს მიაჩნიათ თუ არა თავი ოჯახის წევრებად, ცხოვრობენ ისინი ერთად, თუ არ ცხოვრობენ. ამ ძალადობის გამოვლენისას კანონმდებლობით ოჯახის წევრად მიიჩნევა მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი(გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილ, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახური ძალადობა ყველაზე რთულ და საზოგადოებისთვის საშიშ დანაშაულს წარმოადგენს, რადგან მას შეუძლია ადამიანი მიიყვანოს, როგორც ფსიქიკურ აშლილობამდე, ასევე ფიზიკურ განადგურებამდე. განსაკუთრებით საშიშია ძალადობის ეს ფორმა არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ამგვარი ძალადობისას განიცდიან უმძიმეს სტრესს, რაც ხელს უშლის მათ სრულფასოვან საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებას. ბავშობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა ზეგავლენას ახდენს ადამინის მთელ ცხოვრებაზე. ძალადობრივ გარემოში აღზრდილი ადამინი კი ხშირ შემთხვევაში თვითონაც მოძალადედ ყალიბდება. არასრულწლოვანი დაზარალებული ეკონომიურად დამოკიდებულია მოძალადე მშობელზე და ამ დროს რთულია განსაზღვრო, თუ რა შეიძლება იყოს მისთვის საუკეთესო ინტერესი.
ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ოჯახური ძალადობა მხოლოდ „ოჯახის საქმედ“ ითვლებოდა. საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა გენდერული თუ სხვა სტერეოტიპებიდან გამომდინარე ამგვარ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების საჭირეობას არავინ მიიჩნევდა მიზანშეწონილად და ის მხოლოდ ოჯახის შიდა პრობლემად ითვლებოდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე გამოვლენილმა მკვლელობებმა კანონმდებელს აჩვენა, რომ აუცილებელი იყო კანონმდებლობის დახვეწა. ასევე, აუცილებელი გახდა სამართალდამცავი მოხელეების გადამზადება.
დანაშაულის ამ ფორმას ფარული და განმეორებითი ხასიათი აქვს. მის წინააღმდეგ საბრძოლველად კი საჭიროა კომპლექსური ქმედებების განხორციელება - დაწყებული დანაშაულის გამოვლენით, გაგრძელებული დამნაშავის იდენტიფიცირებით და შემდგომ მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნით, თუ სხვა პასუხისმგებლობების დაკისრებით.
2012 წლის მაისში სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და მოხდა ოჯახური ძალადობის კრიმინალიზაცია, კერძოდ სსსკ-ის 11 პრიმა მუხლი განსაზღვრავს ვინ შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.
მოქმედი რეგულაციით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია თავშესაფრით, სადაც მსხვერპლის განთავსება ხდება 3 თვის ვადით და ამ თავშესაფრის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერით ხდება. ასევე, მსხვერპლის სტატუსს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი საბჭო.
მოქალაქეებს ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით შეუძლიათ კონსულტაციის მიზნით დარეკონ ცხელ ხაზზე 116 006.
ავტორი: ნათია ფულარიანი