საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. ხელისუფლება შედგება სამი შტოსგან- საკანონმდებლო ხელისუფლება (პარლამენტი), აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა) და სასამართლო ხელისუფლება.
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.
სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მიერ.
საკონსიტუტიო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
საერთო სასამართლოები სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ მართლმსაჯულება. საერთო სასამართლოები შედგება სამი ინსტანციის სასამართლოებისგან. I ინსტანციის სასამართლოა საქალაქო/ რაიონული სასამართლო. II ინსტანციის სასამართლოა სააპელაციო სასამართლო. III ინსტანციის სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქალაქო/რაიონული სასამართოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და თბილისის სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საერთო სასამართლოებში კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. საომარ პირობებში საერთო სასამართლოების სისტემაში შესაძლებელია შეიქმნას სამხედრო სასამართლო. საგანგებო და სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.
მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. მოსამართლეზე რაიმე სახით ზეწოლა დაუშვებელია და ისჯება კანონით. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.
მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან , გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა . მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი , მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში .