მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
2017-03-30



“მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთის სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნამუსია და განსახორციელებელი სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ გაწმენდილი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული.“
ილია ჭავჭავაძე



ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ექსპერტთა მტკიცებით, ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო ძველ საბერძნეთში ე.წ. „ჰეილეია“ იყო, ხოლო თანამედროვე ეპოქაში, ამ ინსტიტუტის სამშობლოდ ინგლისი ითვლება. საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მეშვეობით 2010 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება, როდესაც სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი შევიდა ძალაში. თუმცა, ქართული სამართლის ისტორიისთვის მსაჯულთა მიერ მართლმსაჯულების აღსრულება უცხო არც მანამდე ყოფილა. ასეთი ტიპის სამართალწარმოებით ძირითადად მაღალმთიან რეგიონები მთის სამართალით გამოირჩეოდა. მაგალითად, ხევსურული ჩვეულებით სამართალი ითვალისწინებდა სამართალწარმოების ისეთ სახეს, როგორიც იყო „რჯული“ ანუ 4-12 რჩეული პირისგან, ძირითდად უხუცესებისგან, შემდგარი სასამართლო. სასამართლოს წევრებს მსაჯულებს უწოდებდნენ და ისინი ძველი ადათ-წესების მიხედვით განიხილავდნენ მოსისხლეთა შერიგების, ქურდობის, განქორწინების და სხვა საქმეებს.

საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში, თუშეთში, დღემდეა შემორჩენილი ისტორიული ძეგლი „საბჭეო“ ანუ სასამართლო, რომელიც 2010 წელს განახლდა. ის სოფლის განაპირას მდებარეობს და თორმეტი მსაჯულისთვის განკუთვნილი ქვის სკამისგან შედგება. სკამები განლაგებულია ნახევარმთვარისებური ფორმით. იქვე არის მოწმისა და ბრალდებულისათვის განკუთვნილი ორი ქვაც, სადაც იჩოქებოდნენ და ამ მდგომარეობაში იცავდნენ თავიანთ სიმართლეს, ისმენდნენ მოსამართლის განაჩენს, რომლის დაუმორჩილებლობა ღვთის ნების წინაშე წასვლას უტოლდებოდა. ასევე, აღსანიშნავია გენდერული თვალსაზრისით ის ფაქტი, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს, მთავარი ბჭე-მოსამართლის სავარძელი ცნობილი თუში სახალხო გმირის - დევდრის ანთას სიბრძნითა და გონებით გამორჩეულ ასულს ეკავა. სვანეთში ასეთი ტიპის სასამართლოები „მორვალის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. სადაც მხარეები თვითონ ქმნიდნენ სასამართლო შემადგენლობას, წარადგენდნენ მტკიცებულებებს რომლებსაც მედიატორები აფასებდნენ და ამის საფუძველზე გამოჰქონდათ განაჩენი. მტკიცებულებათა შეკრებაში მოსამართლეები პასიურები იყვნენ. სასამართლო პროცესი კი შეჯიბრებითობითი იყო, ხოლო მხარეები აბსოლუტურად თანასწორი. რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში ჩვეულებითი სამართლის სისტემა შეიცვალა რუსული მოდელით, სადაც მართლმსაჯულებას ახორციელებდა მომრიგებელი მოსამართლე. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დიდი მხარდამჭერი გახლდათ ილია ჭავჭავაძე. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუშეთის რაიონში მომრიგბელ მოსამართლედაც მუშაობდა.

2010 წლის ოქტომბრამდე, სანამ ქართულ კანონმდებლობაში მსაჯულთა ინსტიტუტი დაინერგებოდა, ბევრი დისკუსია გაიმართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ინსტიტუტს ჰყავდა როგორც ბევრი მხარდამჭერი, ასევე მოწინააღმდეგე. მხარდამჭერების უპირველესი არგუმენტი იყო ის, რომ ნაფიცები ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას, სადაც სახელმწიფო ძალაუფლებისგან ინდივიდის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ქმნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპით. პროცესის მონაწილეები ნაკლებად ექცევიან ბრალდების მხარის ზეგავლენის ქვეშ და ვერდიქტის გამოტანისას მოქმედებენ სისხლის სამართლის უმთავრესი „ინ დუბიო პრო რეო“ (ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება) პრინციპით. მოწინააღმდეეგების არგუმენტი მაშინაც და ახლაც გახლავთ ის, რომ მსაჯულები არაპროფესიონალები არიან და შეუძლებელია, ასეთ ადამიანებს ანდონ იმგვარი რთული პროცესი, როგორიც არის ბრალდებულის დამნაშევეობის ან უდანაშაულობის დადგენა. ასევე, მათი აზრით, ეს ინსტიტუტი ხელს უშლის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც ბრალდებულის უპირველესი უფლებათაგანია. მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ამ ინსტიტუტის სიძვირეც.

მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ნაფიც მსაჯულთა მიერ განიხილება ისეთი სისხლის სამართლის საქმეები, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა 18 წელს მიღწეულ პირთა ერთიანი სიიდან. ამ სიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად უგზავნის შესაბამის სასამართლოს. ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები გარდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ სრულწლოვნები, ასევე, უნდა ფლობდნენ სისხლის სამართლის პროცესის ენას, უნდა ცხოვრობდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ასევე არ უნდა ქონდეს შეზღუდული ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, რათა ხელი არ შეეშალოს მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში. ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება ის კანდიდატი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი,მოქმედი სამხედრო მასამსახურე, სასულიერო პირი და ა.შ. კანონმდებლობა უფლებას აძლევს მოქალაქეს უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე თუ ის უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული, თუ ის ასრულებს ისეთ სამუშაოს რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს, თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ 70 წელს გადაცილებული პირია ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს. ნაფიც მსაჯულს ან ნაფიც მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ სახელმწიფოსგან დროულად მიიღონ ყველა ხარჯის ანაზღაურება რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი მოვალეობის შესრულებასთან. იქნება ეს დღიური, სამგზავრო თუ სხვა ხარჯები.


ავტორი: ნათია ფულარიანი
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.