მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
ჯიბის ფულის განკარგვის უფლებამოსილება
2017-11-22



არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, თუ არასრულწლოვანი ხელშეკრულებიდან სამართლებრივ სარგებელს არ იღებს (ე.ი. არასრულწლოვანს რაიმე ვალდებულებას აკისრებს, მაგ: ნასყიდობის ფასის გადახდა) საჭიროა, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.1 იმ შემთხვევაში კი, როდესაც არასრულწლოვანი ხელშეკრულებიდან სამართლებრივ სარგებელს არ იღებს,2 მაგრამ ხელშეკრულების დადებისათვის განკარგავს ე.წ. ,,ჯიბის ფულს“, ესე იგი იმ საშუალებებს, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა, ხელშეკრულება, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშეც ნამდვილად ითვლება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით. მაგრამ აღნიშნული არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადების ზოგადი წესიდან გამონაკლისი კი არ არის, არამედ ითვლება, რომ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადებისათვის, შეიძლება გამოიხატოს მისთვის იმ თანხის გადაცემაშიც, რომლის განკარგვის უფლებაც არასრულწლოვანს აქვს. ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულება არც არის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული, ის უბრალოდ მკვეთრად არ არის გამოხატული. ამრიგად, მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს სახეზეა კანონიერი წარმომადგენლის „წინასწარი თანხმობის სპეციალური შემთხვევა“.3

არასრულწლოვნისათვის გადაცემულ საშუალებებად მიიჩნევა ნებისმიერი ქონებრივი ფასეულობები, პირველ რიგში, ფულადი სახსრები - ნაღდი ფული.4

მაგალითად, თუ არასრულწლოვანს სურს ველოსიპედის შეძენა, ველოსიპედის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის (ნამდვილი ხელშეკრულება იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებაა) აუცილებელი იქნება არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლები ან მზრუნველი) თანხმობა, რომელიც ან წინასწარ უნდა იქნეს გაცემული ან შემდგომში მოიწონოს ხელშეკრულება არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა. მაგრამ თუ არასრულწლოვანს თავისი კანონიერი წარმომადგენლები ან ამ წარმომადგენლების თანხმობით მესამე პირები გადასცემენ თანხას ველოსიპედის შეძენის მიზნით და არასრულწლოვანი ამ თანხით (ჯიბის ფული) შეიძენს ველოსიპედს მაშინ, ამ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭირო არ არის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ვინაიდან, არასრულწლოვანი ამ შემთხვევაში ველოსიპედის შესაძენად განკარგავს (იყენებს) იმ თანხას, რაც მას კანონიერმა წარმომადგენლებმა ან მათი თანხმობით მესამე პირებმა გადასცეს.

ასევე, თუ არასრულწოვანს თავისი კანონიერი წარმომადგენლები ან ამ წარმომადგენლების თანხმობით მესამე პირები გადასცემენ თანხას თავისუფალი განკარგვის მიზნით და არასრულწლოვანი გადაწყვეტს ამ თანხით მობილური ტელეფონი შეიძინოს, მის მიერ დადებული მობილური ტელეფონის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭირო აღარ იქნება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ვინაიდან, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი განკარგავს მისთვის თავისუფალი განკარგვის მიზნით გადაცემულ საშუალებას. (ესე იგი ასეთ შემთხვევებში იგულისხმება, რომ კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა, არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადებაზე, არასრულწლოვნისათვის თანხის გადაცემით იმთავითვე გამოხატა. ამიტომაა, რომ კანონიერი წარმომადგენლისაგან შემდგომი თანხმობის გაცემაზე ვეღარ იქნება დამოკიდებული არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი).

არასრულწლოვნის მიერ გადაცემულ საშუალებათა თავისუფალი განკარგვის უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენების შედეგად მიღებული ყოველი ფასეულობა არასრულწლოვანს ასევე თავისუფლად შეუძლია განკარგოს. განკარგვის პირველადი თავისუფლება, როგორც წესი, არ წარმოშობს განკარგვის მომდევნო თავისუფლებას. მაგალითად, თუ არასრულწლოვანი ჯიბის ფულით შეიძენს ლოტოს ბილეთს, მოიგებს თანხას, შემდეგ კი ამ ფულით იყიდის ავტომანქანას, ეს უკანასკნელი ხელშეკრულება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ვერ იქნება ნამდვილი. მართალია, არასრულწლოვანს უფლება აქვს თავისუფლად გამოიყენოს ჯიბის ფული და იყიდოს ლოტოს ბილეთი, მაგრამ მის საფუძველზე მოგებული თანხის თავისუფლად განკარგვის უფლება მას აღარ აქვს.5

მშობლებს ხშირად აინტერესებთ, თუ რა ოდენობის თანხის მიცემაა მიზანშეწონილი თავიანთი არასრულწლოვანი შვილებისათვის. გერმანიაში არასრულწლოვანთა საკითხების კურატორი ორგანოს6 რეკომენდაციით შემუშავებული იქნა ე.წ. ,,ჯიბის ფულის ცხრილი“, სადაც ჯიბის ფულის ოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორი ბავშვის ასაკია და მითითებულია თუ რა ასაკის მცირეწლოვნისათვის/არასრულწლოვნისათვის რა ოდენობის თანხის მიცემაა რეკომენდირებული.7 აღნიშნული ცხრილი დახმარებას გაუწევს მშობლებს არასრულწლოვნისათვის მისაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრაში.
,,ჯიბის ფულის ცხრილი" კი შემდეგნაირად გამოიყურება:

ასაკი

 ჯიბის ფული

4 – 5 წელი

0,5 ევრო კვირაში

6 - 7 წელი

1,50 – 2 ევრო კვირაში

8 – 9 წელი

2 – 3 ევრო კვირაში

 

10 – 11 წელი

13 – 16 ევრო თვეში

12 – 13 წელი

18 – 22 ევრო თვეში

14 – 15 წელი

25 – 30 ევრო თვეში

16 – 17 წელი

35 – 45 ევრო თვეში

18 წელი

70  ევრო თვეში


_______________________
1 იხ. ბლოგი ,,რა შემთხვევაშია უფლებამოსილი არასრულწლოვანი დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულება?"
http://teen.court.ge/?news=79
2 ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 65, ველი 3.
3 იქვე, ველი 4.
4 იქვე, ველი 6.
5 ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999, 208-209.
6 “Jugendamt“.
7 იხ. http://www.taschengeldtabelle.org/
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.