ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
2019-12-10
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე 71 წელია აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარიზში, შაიოს სასახლეში მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. სწორედ ამ საერთაშორისო აქტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.
დეკლარაცია დაახლოებით 360 ენაზეა თარგმნილი და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილ დოკუმენტს, რაც ადასტურებს მის უნივერსალურობას და საყოველთაო ხელმისაწვდომობას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა: ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ.
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.